როგორ შევარჩიოთ კედლის ფერები
27, 2020 კომენტარი ( )

 

საკუთარი სახლი ის ადგილია, სადაც თავი მყუდროდ და კომფორტულად უნდა იგრძნოთ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი კეთილმოწყობის დროს თითოეულ დეტალს უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ. სასურველი შედეგის მისაღებად კედლის ფერების სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი თავდაპირველად საკმაოდ მარტივი ჩანს, რადგან ყველა ადამაინს აქვს საყვარელი ფერები, რომლებსაც სიამოვნებით გამოიყენებდა ინტერიერის დიზაინში. მიუხედავად ამისა, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დგება, ერთი და იმავე ტონალობის ფერებშიც კი იმდენად დიდი არჩევანია, რომ მარტივი სულაც არ არის. გთავაზობთ რამდენიმე  მნიშვნელოვან რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ კედლის ფერების შერჩევაში.

რა ტიპის ავეჯის ყიდვას გეგმავ?

ბევრი ფიქრობს, რომ უკეთესია ჯერ კედლები შეღებოს ან შპალერი გააკრას და შემდეგ იფიქროს ავეჯზე, დეკორზე და სხვა დეტალებზე. თუმცა მნიშვნელოვანია წინასწარ დაფიქრდეთ, თუ რა ფერის ავეჯი წარმოგიდგენიათ ამა თუ იმ ოთახში, რა დეტალებით აპირებთ მის კეთილმოწყობას და ამის შემდეგ იფიქროთ, რა ფერის კედლები მოუხდება.

 

გააკეთე სწორი აქცენტები

სანამ კედლის ფერს შეარჩევ, იფიქრე იმაზე, თუ რა გინდა, რომ იქცევდეს ყურადღებას ოთახში. თუ ფიქრობ, რომ კედლები უნდა იყოს მკვეთრი ფერის და მათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, მაშინ სხვა დანარჩენი ოთახში  ნეიტრალურ ფერებში უნდა მოეწყოს, რათა შედეგად არ მიიღო ძალიან გადატვირთული გარემო. ინტერიერის დიზაინში ნეიტრალური ფერები გულისხმობს „მსუბუქ ფერებს“, რომლებიც არ არის მკვეთრი და არ იქცევს ზედმეტ ყურადღებას.

 

 

მაგალითად, ქვემოთ მოცემულ სურათზე კედლები მკვეთრი ფერისაა, ხოლო ავეჯი კი ნეიტრალურ ფერებშია შერჩეული, რაც ქმნის ჰარმონიას.

დაათვალიერეთ სხვადასხვა მაგალითები

ნუ დაეყრდნობით მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს, დაათვალიერეთ უკვე მზა და კეთილმოწყობილი ინტერიერის დიზაინები. დიდი ალბათობით იპოვით ისეთ სურათებს, რომლებიც თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება, გაგიჩნდებათ იდეები, რომლებზეც აქამდე არ გიფიქრიათ. ამისათვის პინტერესტი ძალიან კარგი პლათფორმაა.

 

ჩაატარე ექსპერიმენტები

მიდიხარ მაღაზიაში, ირჩევ საღებავს ან შპალერს, რომელიც ძალიან მოგწონს, გახარებული ყიდულობ, თუმცა როდესაც შეღებავ კედელს შეძენილი საღებავით ან გააკრავ შპალერს, იღებ სულ სხვა შედეგს. მაგალითად, მსგავსი რამ ხშირად ხდება, როდესაც ბეჟი ფერის შპალერს ყიდულობენ, გაკვრის შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ ოთახი ყვითელია. რატომ ხდება ეს? მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - განათება, რომელიც მაღაზიაშია სულ სხვა არის, შენს სახლში კი სხვა; ცალკე აღებული შპალერის რულონი უფრო ღია ფერი ჩანს, ხოლო როდესაც მთელს ოთახში გაიკვრება, შედარებით მუქია და ა.შ.

 

თუ გსურს რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდე, მაშინ აუცილებლად ჩაატარე ექსპერიმენტები - თავდაპირველად შეიძინე შპალერის მხოლოდ 1 რულონი, რომელიც დაახლოებით 3 კვ.მ-ზე გაიკვრება და საკმარისი იქნება, რომ კედლის ფერი აღიქვა. თუ კედლის შეღებვას აპირებ, ანალოგიურად მოიქეცი და თავდაპირველად საღებავის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიძინე.

 

დიდი ოთახები და ღია სივრცეები

ისეთი ოთახები, რომლებიც ერთი მეორესთან ღია სივრცით არის დაკავშირებული, კედლის სრულიად განსხვავებული ფერები შესაძლოა არ მოუხდეს. თუ ზუსტად ერთნაირი არა, იმავე ფერის სხვადასხვა ტონალობაში გაკეთება შესაძლოა იდეალური გამოსავალი იყოს.

 

 

გაზიარება
20, 2020 კომენტარი ( )
20, 2019 კომენტარი ( )
01, 1970 კომენტარი ( )

დაგვეკონტაქტეთ